პრეზიდენტმაიუნკერების მემორიალთან დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო

როცა დღეს საქართველოს ვინმე ადარებს რუსეთს და ნავალნის საკითხებს, ეს ასი წლის წინ დაღუპული ახალგაზრდების უდიდესი შეურაცხყოფაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილი იუნკერების მემორიალთან განაცხადა, სადაც დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.

„გვინდა ამ ადგილას ის დღე გავიხსენოთ, როცა შემოდიოდა მე-11 არმია თბილისში რუსთაველის გამზირზე, ეს არის ყველასთვის ალბათ ძალიან მძიმე დღე. ამის შემდეგ საქართველომ გაიარა კიდევ უმძიმესი დღეები, იყო მარცხი, დამოუკიდებლობის დაკარგვა, იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ ასი წლის შემდეგ, ჩვენ ვართ გამარჯვებული, რადგან საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიები დავკარგეთ და დღესაც არის ოკუპირებული, ის, რომ სახელმწიფო დგას დამოუკიდებლად, ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება. ჩვენ აქ რომ ვდგევართ და პატივს ვცემთ იუნკრებს, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც იბრძოდნენ აქ ბოლომდე, ჩვენ უნდა რაღაცები გავიხსენოთ და დავაფასოთ. ვიცოდეთ და გვახსოვდეს რისთვის იბრძოდნენ, იბრძოდნენ საქართველოს კონსტიტუციის დასაცავად, საქართველოს ტერიტორიის დასაცავად, დამოუკიდებლობის დასაცავად, კანონის უზენაესობის დასაცავად, საზღვრებისთვის, ეს ყველაფერი არის ის, რაც მათ დაგვიტოვეს და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი იბრძოდნენ ასევე საქართველოს ერთიანობისთვის, ერთსულოვნებისთვის, ეს არის ჩვენი ვალდებულება მათ მიმართ, რომ მხოლოდ ფორამალურად კი არ ვცეთ პატივი, პატივი ვცეთ ყველა იმ ღირებულებებს, რაც მათ აერთიანებდათ და დღესაც გვაერთიანებს. დღევანდელ დღეს, როცა სწორედ იუნკრებს, ამ ახალგაზრდებს პატივს ვცემთ აქ და მერე ყველა, ვინც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიებისთვის ნებისმიერ დროს, ამ ასი წლის განმავლობაში, უნდა ვთვლიდეთ, რომ უდიდესი შეურაცხყოფაა, როცა ვინმე დღეს ადარებს საქართველოს რუსეთს, ნავალნის საკითხებს. ეს პოლიტიკური შეფასებები, რაც არ უნდა პოლიტიკური ამბიციები იყოს, არის ამ ახალგაზრდების შეურაცხყოფა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.