სამხარეო ადმინისტრაციაში აქციის მონაწილეებთან შეხვედრა დასრულდა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო ლაცაბიძე და ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა, აქციის მონაწილეებს შეხვდნენ, რომლებმაც, ბოლო პერიოდში, საწვავზე ფასების ზრდა გააპროტესტეს და ქალაქის შემოსასვლელი გადაკეტეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების პოზიცია  მოისმინეს და შემდეგი სამუშაო შეხვედრა დაგეგმეს. როგორც დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, მომდევნო შეხვედრისას სამთავრობო გუნდთან კონსულტაციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები გაჟღერდება.

შეგახსენებთ, რუსთაველმა მძღოლებმა აქცია გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს, შარტავას გავლით ქალაქის შემოსასვლელისკენ გადაინაცვლეს და გზა გადაკეტეს. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა აქციის მონაწილეებს სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა შესთავაზა. მძღლებმა გზის გახსნის გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღეს.