ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბავშვების ნიშნობის საქმეს სახალხო დამცველი შეისწავლის

სახალხო დამცველი ფონიჭალაში, სავარაუდოდ, 11 და 15 წლის ბავშვების ნიშნობის საქმეს შეისწავლის. სავარაუდო ნიშნობის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ქვეყანში კვლავ ხშირია ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინება, ასევე, ნიშნობის მანკიერი პრაქტიკა. ომბუდსმენის თქმით,  აღნიშნულ შემთხვევებს უმეტესად იძულებითი ქორწინების ფორმა აქვს და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ან მშობელთა შორის გარიგების შედეგია.

საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სამართალდამცავი უწყების და ბავშვზე ზრუნვის ორგანოს მხრიდან აღნიშნულ ფაქტზე მყისიერ რეაგირებას და ქორწინების იძულების აღკვეთას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დაიწყეს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს.

სოციალურ ქსელში ფოტო აზერბაიჯანელმა აქტივისტმა, გუნელ მოვლუდმა გაავრცელა. ის წერს, რომ ფოტოზე ასახულია საქართველოს მოქალაქეების, აზერბაიჯანული ეროვნების 11 წლის გოგოსა და 15 წლის ბიჭის “ნიშნობა”.