ჯანმოს ექსპერტებმა უხანში ვირუსის ადამიანზე გადასვლის ორი სცენარი გამოავლინეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექპერტთა ჯგუფის წევრები, რომლებიც უხანში კორონავირუსის წარმოშობის წყაროს შესასწავლად ჩავიდნენ, აცხადებენ, რომ მათ ვირუსის ადამიანზე გადასვლის ორი ძირითადი სცენარი გამოავლინეს.

”ჩვენი თავდაპირველი დასკვნების თანახმად, შუამავალი მასპინძელი სახეობების საშუალებით გადაცემა ყველაზე მეტად სავარაუდოა“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა პიტერ ბენ ემბარკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ადამიანებში ვირუსის გადასვლის მეორე სავარაუდო გზა გაყინული პროდუქციით ვაჭრობაა. მისივე თქმით, არსებობს კიდევ ერთი ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც, ვირუსი ცხოველებიდან ადამიანებზე პირდაპირ გადავიდა.

”ეს უკანასკნელი ჰიპოთეზა მომავალი კვლევების ჩატარებისთვის რეკომენდაციას იძლევა“, – განაცხადა ჯანმო-ს ექსპერტმა.

მისივე თქმით, არსებობს ვირუსის ადამიანში გადასვლის კიდევ ერთი ჰიპოთეზა, ვარაუდი ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის შესახებ, თუმცა ის „უკიდურესად ნაკლებსავარაუდოა“.

ცნობისათვის, კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად ჩინეთის ქალაქ უხანში რამდენიმე კვირის წინ ჩასულმა ექსპერტებმა დღეს პირველი პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ მათ მიერ ჩატარებულმა მოკვლევამ ახალი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელი გახადა, მაგრამ კოვიდ 19-ის ეპიდაფეთქების სურათი მკვეთრად არ შეუცვლია.