არჩილ თალაკვაძემ ირაკლი კობახიძეს თავისუფლების საპარლამენტო ორდენი მიანიჭა

არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კობახიძისთვის თავისუფლების საპარლამენტო ორდენის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.

თავისუფლების საპარლამენტო ორდენი საპარლამენტო ჯილდოა, რომელიც პირს პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცემა.

თავისუფლების საპარლამენტო ორდენით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე, ბიუროსთან შეთანხმებით.

“მან განუზომლად დიდი წვლილი შეიტანა საკონსტიტუციო რეფორმაში. როგორც პარლამენტის წინა თავმჯდომარე საკონსტიტუციო რეფორმას ხელმძღვანელობდა. ეს არის რეფორმა, რომელიც არაერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა სხვა მოწვევის პარლამენტში არაერთხელ სცადა. სამწუხაროდ, წინა შემთხვევებში, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა. ირაკლი კობახიძემ მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრთა მხარდაჭერით რეფორმის წარმატებით დასრულება შესძლო. ჩვენთვისაც საამაყოა, რომ არაერთი ჩვენგანი ამ პროცესში ჩართული იყო და გვაქვს კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული. ირაკლი კობახიძის თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვება არის სიმბოლური და მოკრძალებული აღნიშვნა იმ წვლილისთვის, რაც მან კონსტიტუციის შესაბამისად დემოკრატიის და სახელწიფო ინსტიტუტების განვითარების პროცესში შეიტანა“, – განაცხადა თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.