გაბუნია: ვაქცინა არის ნებაყოფლობითი

ტესტირებასთან დაკავშირებით გარკვეული პროცენტული მოთხოვნებია, დასაქმებულების რა პროცენტში უნდა ჩატარდეს ტესტირება ყოველ თვეში, რათა ეპიდგარემო იყოს უსაფრთხო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, რიგი სექტორებისთვის მარტში სახელმწიფო კორონავირუსზე ტესტირების დაფარვას განაგრძობს.

„ტესტირების ხარჯებს ამ ეტაპზე ფარავს სახელმწიფო. თებერვალში სრულად იყო სახელმწიფოს მიერ დაფარული. რიგი სექტორებისთვის მარტში ისევ გააგრძელებს სახელმწიფო ამ ხარჯების დაფარვას. რა თქმა უნდა, პედაგოგების, ტაქსის მძღოლების ტესტირების დაფინანსება, ვისაც მეტად სოციალური დატვირთვა აქვს, გაგრძელდება სახელმწიფოს მიერ. რაც შეეხება ბიზნესთან დაკავშირებით ვალდებულებების განსაზღვრას, თუნდაც დამატებითი ერთი თვით, რომ მათ უსაფრთხოდ მოახერხონ ოპერირების გაგრძელება, ამაზე დეტალებს დავაზუსტებთ. დამოკიდებული იქნება სამიზნე ჯგუფის რაოდენობაზე და იმაზეც, თუ რამდენად შეუძლია ფინანსურად სახელმწიფო პროგრამას, ეს დაფაროს.

რაც შეეხება ვაქცინაციის ნაწილს, ვაქცინა არის ნებაყოფლობითი. ვაქცინაცია განხორციელდება არა ბიზნესსექტორების მიხედვით, არამედ იმ პრიორიტეტული ჯგუფების, ვისთვისაც ყველაზე მაღალია რისკი. როგორც ვიცით, ტესტირებას ჯანდაცვის სექტორით ვიწყებთ და შემდეგ მოყვება ასაკობრივი ჯგუფები, ქრონიკული დაავადებების მქონე და როცა ეს ყველა გაივლის, შემდეგ გადავდივართ მოსახლეობის სხვა ნაწილზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.