გაბუნია: ვმუშაობთ, რომ ვაქცინის შემოტანის შემდეგ არცერთი წუთი არ დაიკარგოს

სამინისტრო უკვე აქტიურად მუშაობს, რომ როგორც კი ვაქცინა ქვეყანაში იქნება და მოლოდინი გვაქვს, რომ თებერვლის მეორე ნახევარში უკვე გვექნება ამის შესაძლებლობა, არ დაიკარგოს არცერთი წუთი და ვაქცინაციის პროგრამა დაიწყოს დაუყოვნებლივ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინაციის განხორციელებაში ყველა სამედიცინო დაწესებულება ვერ ჩაერთვება.

„ამიტომ, ხდება დიდი კლინიკების შერჩევა, რომლებსაც აქვთ შესაფერისი რესურსი, რათა უზრუნველყონ პაციენტთა ნაკადების მართვა, ასევე ისინი აღჭურვილნი არიან სათანადო ადგილებით, რომ გვერდითი რეაქცია თუ გამოვლინდა, მარტივად იმართოს ადგილზევე. ასეთი კლინიკების საჭიროება ბევრი არ არის, სულ ათამდე კლინიკაზე ვსაუბრობთ – ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში. უკვე მზად არის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, ქუთაისსა და თბილისში დღეს ან ხვალ დასრულდება წინასწარი შერჩევა და კვირის ბოლოსთვის დაიწყება ადგილებზე პერსონალის ტრენინგი და მათი მომზადება. კლინიკას უნდა ჰქონდეს გადაუდებელ დახმარებაში ნებართვა, ასევე იმუნიზაციის შესახებ გამოცდილება და სულ მცირე სამი ბრიგადა. პაციენტების ნაკადები უნდა გაიყოს. პაციენტები უნდა შევიდნენ სხვა შესასვლელებიდან და სამედიცინო მუშაკებს, რომლებიც ასაცრელად მივლენ, უნდა დახვდეთ იზოლირებული შესასვლელი და აცრის შემდეგ, დაყოვნების სივრცე. რეგულირების სააგენტო ამ ყველაფერს შეამოწმებს და ამის შემდეგ მოხდება მათი ჩართვა პროგრამაში“, – განაცხადა გაბუნიამ.