საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ყველა საჯარო სკოლა აღჭურვილია კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებით. სკოლებს მთელი სასწავლო წლისთვის განკუთვნილი შესაბამისი მარაგები საკმარისად აქვთ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველგან დარიგდა სადეზინფექციო ხსნარები, თერმოსკრინინგის აპარატები, დეზობარიერები. სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები, ზედმიწევნით არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, შესრულებულია სამინისტროს ყველა რეკომენდაცია.
„პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან მიღებული ყოველი გადაწყვეტილება, მათ შორის წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ, სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით არის მიღებული“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.