2020 წელს ქვემო ქართლში 2 013 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ქვემო ქართლში მომხდარ 334 ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ქვემო ქართლში 2020 წლის განმავლობაში მანქანით გადაადგილებისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევის 1 679 ფაქტი გამოვლინდა.
რეგიონის მასშტაბით 2020 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 38 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 490 დაშავდა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მონაცემები 2019 წლის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია. 2019 წლის განმავლობაში ქვემო ქართლში ავტოსაგზაო შემთხვევებზე სისხლის სამართლის წარმოება 421-ჯერ დაიწყო, ხოლო ადმინისტრაციული სამართალწარმოება 2 162-ჯერ. ამავე წელს ქვემო ქართლში ავარიის შედეგად 46 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 671 დაშავდა.
2019 წელთან შედარებით 2020 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობამ იკლო მთელი საქართველოს მასშტაბით.
გასულ წელს საქართველოში საერთო ჯამში 36 708 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. 2019 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 43 973 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 5 839 შემთხვევაზე სისხლის სამართლის, ხოლო 38 134 შემთხვევაზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. 2019 წლის განმავლობაში საქართველოში ავარიის შედეგად 481 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 7 921 დაშავდა.