ბოლნისის N1 და სოფელ ქვეშის საჯარო სკოლებს რეაბილიტაცია უტარდება

ბოლნისის , დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტში  სკოლების რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.

მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით სრული რეაბილიტაცია უტარდება ქალაქ ბოლნისის N1 და სოფელ ქვეშის საჯარო სკოლებს.

„დღეს, მოვინახულეთ ქალაქ ბოლნისის N1 და სოფელ  ქვეშის საჯარო სკოლების  რეაბილიტაციის პროცესი. ორივე სკოლის  სამშენებლო სამუშაოები  დაახლოებით 6 მილიონი ლარის ღირებულებისაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ  პანდემიის მიუხედავად მუშა პროცესი ერთი დღითაც არ შეჩერებულა და სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სკოლა რომელიც მე დავამთავრე და სადაც 11 წლის განმავლობაში  ვსწავლობდი,  მომავალ სასწავლო წელს  უკვე სრულად რეაბილიტირებულ და კომფორტულ გარემოში მიიღებს მოსწავლეებს.

მიმაჩნია, რომ  ეს გარემო იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა , ჩვენმა ბავშვებმა წარმატებით ისწავლონ” – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

პროექტის ფარგლებში  მოეწყობა საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, სააქტო დარბაზები, სპორტული მოედნები, სველი წერტილები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.

ქალაქ ბოლნისში 4  631 333  ლარის ღირებულების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გრუსია“  ახორციელებს, ქვეშის სკოლის რეაბილიტაციის პროცესს კი კომპანია „ აქსონი“ ასრულებს , სამუშაოების ღირებულება 1 479 521  ლარს შეადგენს.

სამშენებლო სამუშაოები გასული წლის ნოემბრის ბოლოს  დაიწყო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების  კეთილმოწყობა წლის ბოლომდე დასრულდება.