დავით ბაქრაძე: ნდობას ადამიანების დაჭერით არ ქმნიან

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, თუ ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგი სურს, ჯერ ის მოთხოვნები უნდა შეასრულოს, რომელსაც ოპოზიციური სპექტრი აყენებს და შემდეგ დაიწყოს მოლაპარაკებებზე საუბარი.

ბაქრაძემ დიალოგთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღიბაშვილის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დაწყებას სჭირდება მზადყოფნა და ნდობა, რომელიც ადამიანების დაჭერით არ იქმნება.

„არანაირი მზაყოფნის ნიშანი არ არსებობს იმ პირობებში, როდესაც ათასობით პოლიციელი ოპოზიციური პარტიის ოფისში შემოვარდა, როდესაც ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს ძალით აპატიმრებენ, იმ პირობებში, როდესაც ბრიფინგზე დაგვიანონსეს მომავალში დასაჭერი ლიდერების სია და პირდაპირ წაიკითხეს, კიდევ ვინ უნდა დაიჭიროს „ქართულმა ოცნებამ“, იმ პირობებში, როდესაც ორი დღეა თავად პრემიერის და მისი გუნდის მიერ ოპოზიციის მოხსენიება ხდება, როგორც ტერორისტების, როგორც სახელმწიფოს მტრების და კრიმინალების, ასეთ ვითარებაში საუბარი დიალოგზე ძალიან იაფფასიანი ტყუილი და ფარისევლობაა, რომლის ერთადერთი ამოცანა არის დაბნევა და შეცდომაში შეყვანა ჩვენი დასავლელი პარტნიორების. დიალოგი ასე არ ხდება. თუ ადამიანს ტერორისტს ეძახი, თუ მას იჭერ ძალის გამოყენებით და ოფისში ათასობით პოლიციელს უგზავნი, თუ წინასწარ აანონსებ, რომ უნდა დაიჭირო ის ადამიანები, ვისთან დიალოგსაც აპირებ, ასე დიალოგი არ ხდება. დიალოგს სჭირდება მზადყოფნა და ნდობა. ნდობას ადამიანების დაჭერით არ ქმნიან. დაგიჭერ და მელაპარაკე, ეს არის ქუჩური მენტალიტეტი, მე შენ დაგჩაგრავ და მერე დაჩაგრული მელაპარაკე. ამ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ დასაჩაგრი არავინაა. თუ მათ დიალოგი სურთ, კეთილი ინებონ, გადადგან ნაბიჯები, გამოსწორონ პრობლემები, რომელიც შექმნეს, შექმნან საზოგადებაში ელემენტარული ნდობა და ამის შემდეგ ვისაუბროთ ნამდვილ დიალოგზე და არა ფარისევლობაზე, რომელიც მიმართული იქნება დასავლელი მეგობრების მოტყუებისკენ“, – განაცხადა ბაქრაძემ.