ვინ უხელმძღვანელებს რუსთავის ეპარქიას?

11 თვიანი პაუზის შემდეგ საპატრიარქოში სინოდის სხდომა ჩაინიშნა. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის  ინფორმაციით, სინოდის სხდომაზე ეპარქიების ახალ მმართველებს დაასახელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით,  რუსთავის ეპარქიის ხელმძღვანელად მამა გიორგი ზვიადაძე მოიაზრება და მან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მხრიდან შეთავაზება უკვე მიიღო.

როგორც სასულიერო პირი აცხადებს, მას სამჯერ აქვს შეთავაზება მღებული პატრიარქისგან, თუმცა თავად არ ისურვა ეპისკოპოსის ტიტულის ჩაბარება.

მისივე თქმით, მზაობის შემთხვევაში, შეთანხმების მიხედვით, ის თავად ეტყვის ილია II-ს​ იქნება თუ არა ამისთვის მზად.

“ასეთი შემოთავაზება უშუალოდ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისგან მქონდა წლების წინ. პატრიარქის მიმართ მე მაქვს უდიდესი მოწიწება და მადლიერება იმ ღვაწლის გათვალისწინებით, რაც მას მიუძღვის არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიის, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნის წინაშე.

მე პატრიარქს მაშინ, როცა მან შემომთავაზა ეპისკოპოსად კურთხევა, მე მას ავუხსენი მიზეზი, რის გამოც არ შემეძლო შემოთავაზების მიღება. პატრიარქი ჩემს ახსნას და მიზეზებს, რის შესახებაც მე ვესაუბრებოდი დათანხმდა მაშინ და მე ამ შემოთავაზებას არ ველოდები იმიტომ, რომ მაშინ მოვახსენე პატრიარქს, თუკი ამის საშუალება მე მომეცემოდა, მე თვითონ ვეტყოდი მის უწმინდესობას ყველაფერს. მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა მას ეს შეთავაზება კვლავ განეახლებინა,” – აცხადებს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი გიორგი ზვიადაძე.

ინფორმაციას “რუსთავი2” ავრცელებს.