ვინ შეასრულებს დაპირებებს?- სოკოს საწარმოს ახალი დირექტორი ჰყავს

რუსთავის მიმდებარედ, სოკოს საწარმოს, რომელიც უკვე დიდი ხანია პერიოდულად ქალაქში უსიამოვნო სუნის გამომწვევი მიზეზია, ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. “თეთრი ქუდის” დირექტორი რენატო გრიგორიანი, რომელიც რუსთაველებს პრობლემის გადაჭრას და კომპოსტის ცეხის ქალაქიდან მოშორებით გადატანას დაჰპირდა, საწარმოს აღარ ხელმძღვანელობს.

TV4-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან “თეთრ ქუდს” ალექსი ბერიძე ხელმძღვანელობს. ინფორმაციას ადასტურებს ყოფილი დირექტორიც.

ჯერჯერობით უცნობია, რას გეგმავს საწარმოს ახალი დირექტორი, თუმცა ფაქტია, რომ რუსთავში უსიამოვნო სუნის პრობლემა კვლავ აქტუალურია და კომპანიამ დაპირება ამ დრომდე არ შეასრულა.

შეგახსენებთ, ყოფილი დირექტორი, რენატო გრიგორიანი რუსთაველ სამოქალაქო აქტივისტებს მოლაპარაკებებსაც დაჰპირდა.  ეს უკანასკნელიც, ახალი დირექტორის პირობებში, უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

TV4 დაინტერესდა, რა გეგმები აქვს  საწარმოს ახალი ადმინისტრაციას, თუმცა ამის შესახებ ალექსეი ბერიძე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. თავის მხრივ აქტივისტები  პირობის შესრულებას ელოდებიან და პრობლემის გადაჭრას ითხოვენ.