“თუ გვინდა, რომ სკოლის პანდემია არ მივიღოთ და როგორც ბავშვები, ასევე პედაგოგები არ დაინფიცირდნენ, ყველა მოსწავლემ უნდა შეძლოს სამედიცინო პირბადის სკოლაში გამოყენება”-ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლომა, ბიძინა კულუმბეგომა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ერთაფერთი გარანტია იქნება იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში განათლების პროცესი ისევ არ ჩაიშალოს.
„რაც შეეხება პირბადის ტარებას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებმა პირბადე ნაკლებად გამოიყენონ, თუმცა, 6 წლის შემდგომ აუცილებელია. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამბობს, რომ 2 წლის ასაკის შემდეგ, ბავშვი პირბადესთან ურთიერთობა უნდა მივაჩვიოთ, ფსიქოლოგიურად ვიმუშავოთ, წავახალისოთ, ვესაუბროთ, რა მნიშვნელობისაა. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, სასკოლო ასაკის ბავშვმა, თუ ეს არ არის ძლიერი ფიზიკური დატვირთვა და სპორტის გაკვეთილი, ყველა შემთხვევაში, აუცილებლად უნდა ატაროს პირბადე. თუ გვინდა, რომ სკოლის პანდემია არ მივიღოთ, ბავშვები და პედაგოგები არ დაინფიცირდნენ, ხოლო შემდგომ მათ ოჯახის წევრები არ დააინფიცირონ, ყველა ბავშვმა უნდა შეძლოს სამედიცინო პირბადის სკოლაში გამოყენება. ეს არის ერთადერთი გარანტია იმისა, რომ ჩვენ რამდენიმე კვირაში ან თვეში განათლების პროცესი ისევ არ ჩაგვეშალოს და ძველ სიტუაციას არ დავუბრუნდეთ. ამიტომ, ჩემთვის სკოლის სივრცეში პირბადის არტარება მიუღებელია. როგორც სპეციალისტს და ექიმს სწორად მიმაჩნია, რომ საკლასო ოთახში ბავშვებს უნდა ვთხოვოთ პირბადის გაკეთება მშობლებმაც და პედაგოგებმაც, ყველამ ერთად. ბავშვების უმრავლესობა მას აუცილებლად გაიკეთებს.
თუ შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, ქვეყანამ აღსრულების მექანიზმი არ გაამკაცრა, თუნდაც პირბადის ტარება ან დისტანციის დაცვა, 6-8 კვირაში ისევ შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება დაგვჭირდება. ეს ინფექცია, როგორც ცეცხლი ისე ვრცელდება, თუ მიუშვებ და კონტროლს მოადუნებ“,-განაცხადა კულუმბეგოვმა.
ცნობისთვის, მოსწავლეების მიერ სკოლის სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება.