“ლილო მოლი”: თებერვალი “მკვდარი” თვეა, მაგრამ მთავარია გახსნილები ვართ

8 თებერვლიდან ქვეყანაში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნა, თუმცა შაბათ-კვირას სავაჭრო ობიექტებს მუშაობის უფლება არ აქვთ. როგორც 15 თებერვლის ბრიფინგზე შრომის ინსპექტირების სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა, ბაზრობებს პერიოდული ტესტირების ჩატარების ვალდებულება აქვთ, თუმცა ობიექტებში დისტანციის დაცვა რთულია.

ფერაძის თქმით, დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით ბაზრობების ხელმძღვანელებს უკვე ესაუბრნენ.

როგორც “ლილო მოლის“ დირექტორი,  გიორგი კვარაცხელია აცხადებს, “ლილოს” ბაზრობაზე ყველა ნორმა დაცულია და შრომის ინსპექციას მათთან განსაკუთრებული შენიშვნები არ აქვს.

რაც შეეხება ბაზრობის თანამშრომლების და მოვაჭრეების სავალდებულო ტესტირებებს, „ლილო მოლის“ დირექტორის ინფორმაციით, პროცესი დაწყებულია და ამ დროისთვის არცერთ თანამშრომელს ვირუსი არ დადასტურებია.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ხალხის სიმცირეა, თუმცა თებერვალში ეს ბუნებრივია.

„ჩვენთვის პრობლემაა გადაადგილების შეზღუდვა. მაგალითად, ადამიანები ჩვენთან მოდიოდნენ ადრე, იტვირთებოდნენ და მიდიოდნენ ბათუმში. ახლა უკვე პრობლემაა ჩასწრება, რომ კომენდანტის საათმა არ მოუსწროს გზაში. შეზღუდვები პრობლემაა, თუმცა მთავარია, რომ გახსნილები ვართ.” – აღნიშნა გიორგი კვარაცხელიამ.