მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურს კონსტანტინე ანანიაშვილი უხელმძღვანელებს. სამსახურის ახალი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს წარუდგინა.

ანანიაშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო. მან თანამდებობა 7 თებერვალს დატოვა. კონსტანტინე ანანიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. იგი 2013-2016 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი იყო. 2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.