ნიკა მელია: მზად ვართ დიალოგისთვის

ოპოზიციის სახელით თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხელი შევუწყოთ პროცესის დეესკალაციას, მზად ვართ დიალოგისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, დიალოგი უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული,

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოს, ლიეტუვას, მის თვალსაჩინო წარმომადგენელს, რომელმაც ჩემი აზრით, გამოიჩინა წარმოუდგენელი ყურადღება ჩვენი სახელმწიფოსა და ქვეყნის მიმართ მაშინ, როდესაც ნამდვილად არის უმძიმესი ვითარება და ძალიან ბევრი რამ არ არის პროგნოზირებადი. პოლიტიკური ცხოვრება საათობრივად იძაბება და ამ დროს, როდესაც დაუგეგმავი ვიზიტი ხორციელდება მხოლოდ ერთი მიზნით, მოხდეს ვითარების დეესკალაცია, რა თქმა უნდა, ეს არის ძალზე დასაფასებელი.

მე, ოპოზიციის სახელით, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხელი შევუწყოთ პროცესის დეესკალაციას, მზად ვართ დიალოგისთვის და ჩვენი პარტნიორების, ლიეტუვას ჩართულობით და არა მხოლოდ ლიეტუვას, ბუნებრივია, იმედს ვიტოვებთ, რომ ამ შემთხვევაში მაინც, ხელისუფლება რეალობას შეაფასებს ადეკვატურად. რაც მთავარია, ოპოზიცია, როგორც ჰქონდა სურვილი, რომ ვითარება აქამდე არ მისულიყო, ისეთივე მოწადინებულია დიალოგისთვის, ოღონდ დიალოგი უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული და არა დიალოგი დიალოგისთვის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.