სამხარაძე: დროა, გავერთიანდეთ და პრობლემები ერთად გადავწყვიტოთ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ყოველთვის შერიგებასა და ერთიანობაზე საუბრობს და არა დაყოფასა და პოლარიზაციაზე.

სამხარაძის თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქეს სურს, რომ როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცა დაკავებული იყოს არა ერთმანეთთან კინკლაობით, არამედ არსებული პრობლემების გადაჭრით.

„ვერ ვიხსენებ მომენტს, როცა „ქართული ოცნება“ დაყოფასა და პოლარიზაციაზე საუბრობდა – ჩვენ ყოველთვის შერიგებასა და ერთიანობაზე ვსაუბრობთ. საზოგადოებამ კარგად იცის, თუ საიდან მოდის პოლარიზაცია და სიძულვილის ენა. თუ ოპოზიცია ისურვებს, რომ მათ ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი მიიღონ, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში ნებისმიერი სახით ვისაუბროთ მათთან. ჩვენთვის, როგორც მმართველი პარტიისთვის, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის პრინციპი. კანონის აღსრულების შემდეგ მთავარი საკითხია, გავერთიანდეთ ერთი მიზნის გარშემო – ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი აღმოიფხვრას. ამას სჭირდება იმ საკითხების მოძებნა, რაზეც ერთიანი პოზიცია გვექნება. საქართველოს ყველა მოქალაქეს სურს, რომ როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცა დაკავებული იყოს არა ერთმანეთთან კინკლაობით, არამედ არსებული პრობლემების გადაჭრით. დღეს არ არის იმის დრო, ერთმანეთს რაღაც წვრილმან პრობლემებზე ვეკინკლაოთ. დროა, გავერთიანდეთ და უსაფრთხოების პრობლემები, რაც ქვეყანას აქვს, ერთად გადავწყვიტოთ. ყველანაირი დაყოფა და პოლარიზაცია კიდევ უფრო გააღრმავებს უსაფრთხოების პრობლემებს, რაც ერთადერთ ქვეყანას, რუსეთს აწყობს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.