პირბადეების ტარება სკოლებში: განსხვავებული რეკომენდაციაა მოსწავლეების ნაწილისთვის

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, ვისი მშობელიც სკოლას შესაბამისი თხოვნით მიმართავს, პირბადის ტარების ვალდებულებისგან გათავისუფლდება.

ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ, ბრიფინგზე განაცხადა.

“პირბადეების მოხმარებასთან დაკავშირებით განსხვავებული რეკომენდაცია მიეწოდა სკოლებს საგანმანათლებლო საჭირობის მქონე მოსწვალეებთან მიმართებით. თუ მშობელი მიმართავს სკოლას, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სკოლა იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შემთხვევაში საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე თავისუფლდება პირბადის ტარებისგან”,- განაცხადა დგებუაძემ.

მისივე განმარტებით, გარკვეულ შემთხვევებში სკოლამ საჭიროების შემთხვევაში მოსწავლე პირბადით უნდა უზრუნველყოს.

“ამის მარაგი არის, თუმცა, ამ შემთხვევაში მშობელი არის პასუხისმგებელი შვილს გამოატანოს პირბადე. მარაგი შესყიდულია და დარიგებულია სკოლებში. ჩვენ შევხედავთ, თუ დასჭირდებათ, ამის მარაგიც არის და ვისაც დასჭირდება, მივაწვდით“, – განაცხადა დგებუაძემ.

ამასთან, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, უწება სკოლების მონიტორინგს განახორციელებს და შეამოწმებს, რამდენად იცავენ ისინი კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ რეგულაციებს.

„მონიტორინგისთვის შემუშავებულია სპეციალური კითხვარი, რომელიც დღეს დამტკიცდება მინისტრის ბრძანებით. სპეციალური პლატფორმა აეწყო ელექტრონულად, სადაც ჩვენ მოვახდენთ ანალიზს, თუ ხარვეზი დაფიქსირდა. კითხვარი ეხება უშუალოდ კოვიდთან დაკავშირებით, რამდენად იცავს იმ წესებს სკოლა, რაც დადგენილია. სკოლების განმეორებითი გადამოწმების შესაძლებლობაც იქნება. პირველ რიგში, რეკომენდაციებს გავცემთ სკოლებისთვის, რომ ხარვეზები, რაც დაფიქსირდა, გამოსწორდეს. მონიტორინგი ჩატარდება ჰიგიენურ-სანიტარულ ნორმებთან მიმართებაში, არის თუ არა წყლის მარაგი, თხევად საპონთან და სადეზინფექციო საშუალებებთან დაკავშირებით; გამოკრულია თუ არა საინფორმაციო პოსტერები, არის თუ არა დამტკიცებული მშობელთან კომუნიკაციის დოკუმენტი და ა.შ. ამ ეტაპზე ასეთი ტიპის მონიტორინგი იქნება”, – განაცხადა დგებუაძემ.