საკრებულომ მუნიციპალური ავტობუსის სამგზავრო ტარიფი დაამტკიცა

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწვეტილება მიიღო. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, განისაზღვრა რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფი.

 

მომხსენებლის, მერიის აპარატის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელის ანა კაპანაძის განცხადებით, რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტი სრულად განახლდა. ქალაქში შემოვიდა ევრო 5-ის ტიპის ავტობუსი, რაც თავისმხრივ იწვევს მომსახურების ხარჯების გაზრდას, შედეგად დღის წესრიგში დადგა სამგზავრო ტარიფის ცვლილება და განისაზღვრა 50 თეთრით.

ცვლილება შევიდა მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათებით მოსარგებლეთა ქვეპროგრამის წესში და გაიზარდა მუნიციპალიტეტის მხრიდან სუბსიდირებულ პირთა რაოდენობა.

„-მართალია დღევანდელი გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა მგზავრობის ტარიფში, თუმცა გაიზარდა შეღავათებით მოსარგებლეთა რაოდენობა. მუნიციპალური სუბსიდირება ნაცვლად 3 000-ისა შეეხება 60 000-მდე პირს. მათ შორის არიან, სოციალურად დაუცველი ოჯახები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ვეტერანები, მოსწავლეები, პედაგოგები, სტუდენტები, პენსიონრები და სხვა მოწყვლადი კატეგორიის პირები.“- განაცხადა სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა.

საკრებულოს სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს. სხდომას რუსთავის მერის პირველი მოადგილე ბესიკ ტოგონიძე ესწრებოდა.