ზურა ჯაფარიძემ პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

სიგიჟეა, აიძულო ადამიანს, გინდა თუ არა პარლამენტში იმუშავეო, – ასე აფასებს „მეტი თავისუფლება-გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტის გადაწყვეტილებას, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შენარჩუნების თაობაზე.

გადაწყვეტილება ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელში საუბარია, რომ გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის წარმომადგენლობითი ორგანოს არსთან.

„დაახლოებით ორი თვე იქნება, რაც განცხადება დავწერე და მოვითხოვე მანდატის გაუქმება. რაზეც პარლამენტმა უარი მითხრა. ეს არ არის მხოლოდ მანდატის საკითხი. მანდატთან ერთად მე შეზღუდული მაქვს სხვადასხვა უფლება. საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა არაფრის კეთების უფლება არ მაქვს იმის გამო რომ, მანდატი არ გამიუქმეს. გარდა ამისა, სახელმწიფო ჩემგან ითხოვს დეკლარაციის ჩაბარებას და ჩაუბარებლობის შემთხვევაში ჯერ ჯარიმას დამაკისრებენ, შემდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ეს ყველაფერი არაკონსტიტუციურია, ეს სიგიჟეა, რომ ადამიანს ავალებულებდე, გინდა თუ არა აქ იმუშავეო“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძემ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ბათუმში პირადად შეიტანა.