სარჯველაძე: მოლაპარაკება ულტიმატუმის დაყენებას არ ნიშნავს

ვინმეს თუ ჰგონია, რომ მოლაპარაკება ნიშნავს ულტიმატუმის დაყენებას და მოლაპარაკების მხოლოდ იმ შემთხვევაში გამართვას, თუ მეორე მხარის მხრიდან ულტიმატუმი შესრულდება, ძალიან მწარედ ცდება. ეს მოლაპარაკება არ არის, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებთან მიმართებით სრულიად კინსტრუქციული შემხვედრი ნაბიჯი იქნა გადადგმული.

„მოლაპარაკება გახლავთ პროცესი, რა დროსაც აუცილებელია, რომ მხარეები შეეცადონ, მაქსიმალურად მეტი იპოვონ საერთო ხედვის წერტილები და ამის მიხედვით მივიდნენ შეთანხმებამდე. ულტიმატუმის დაყენების გზით ეს მოლაპარაკება არ არის. სრულიად არაკონსტრუქციული დამოკიდებულებაა. არჩევნებთან მიმართებით სრულიად კინსტრუქციული შემხვედრი ნაბიჯი იქნა გადადგმული. რასთან დაკავშირებითაც დღემდე პასუხი და პოზიცია არ გვიხილავს ოპონენტების მხრიდან. მათი განცხადებაა, რომ ერთადერთი პირობა შეიძლება იყოს განსახილველი, რომელიც კვეთს იმ წითელ ხაზს, რომელიც დაწესებული იქნა „ქართული ოცნების“ მხრდან. ისინი საუბრობენ, რომ მხოლოდ ხელახალი არჩევნების თარიღი შეიძლება იყოს განსახილველი საკითხი. ეს არ არის მოლაპარაკებისკენ გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით სარჯველაძემ განაცხადა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს და აუცილებლად უნდა აღსრულდეს.

„პოლიტიკური ოპონენტების დევნა არ ხორციელდება და ეს არის ის, რასაც მკაცრად ვემიჯნებით. ამ შემთხვევაში რა ბედი ელის ნიკა მელიას, ეს სასამართლოს გადაწყვეტილი აქვს. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება ის ფუძემდებლური, ფუნდამენტური და კონსტიტუციური პრინციპი, რომელსაც აღსრულება, დაცვა და ყველასგან პატივისცემა სჭირდება. სხვაგვარი ქცევა, ნებისმიერი საწინააღმდეგო მიმართულებით სვლა ძირის გამოთხრაა ჩვენი სახელმწიფოსთვის, რაც მიუღებელია. არ მგონია, საქმეში ჩახედილი რომელიმე დემოკრატი და თავისუფალი სახელმწიფოს წარმომადგენელი აცხადებდეს, რომ სასამართლოს გადაწყეტილება არ უნდა აღსრულდეს. ასეთი რამ დაუშვებელი და მიუღებელია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.