სოსო ფხაკაძე: ვფიქრობთ, 2 კვირაში მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები თანდათან გაუქმდეს

ვფიქრობთ, ორ კვირაში მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები თანდათან გაუქმდეს, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ გიორგი გახარიასა და მსხვილ დამსაქმებლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგების მიერ დაწესებული მოთხოვნები ზედმიწევნით უნდა შესრულდეს.

„ჩვენ დავაყენეთ ძალიან კონკრეტული საკითხი, რომ დარჩენილ შეზღუდვებზე ძალიან მალე ვიმსჯელოთ. ისევ მივიღე დაპირება, რომ დააკვირდებიან ეპიდსიტუაციას მომავალი ორი კვირის განმავლობაში. ვისაუბრეთ რაღაც პარამეტრებზე კორონავირუსის ​ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ორ კვირაში ჩვენ იმასაც მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები თანდათანობით გაუქმდეს. იყო თხოვნა და ეს ჩვენთვის გასაგებია, რომ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. კონკრეტულად ეს ნიშნავს იმას, რომ ეპიდემიოლოგების მიერ დაწესებული მოთხოვნები ზედმიწევნით უნდა დავიცვათ“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, სხვადასხვა სფეროში მოქმედი მსხვილი ბიზნესის 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.