23 წლის მამაკაცი 16 წლამდე გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით 23 წლის კაცი დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა ქობულეთში წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, 2006 წელს დაბადებულ გოგოსთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

გუშინ, 10 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქობულეთში არასრულწლოვანი გოგო გარდაცვლილი იპოვეს. შსს-ში გუშინ განაცხადეს, რომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილი მოზარდის ბაბუამ  შვილიშვილზე შესაძლო სექსუალური ძალადობის შესახებ გუშინ ისაუბრა. მისი თქმით, ოჯახმა ამის შესახებ 2 თვის წინ გაიგო, როცა მამაკაცი არასრულწლოვანთან ისევ გამოჩდა. მისივე თქმით, ოჯახმა პოლიციას შეატყობინა.