NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერალდ კონოლის თქმით, მიმდინარე პროცესებს შეშფოთებით აკვირდება და აღნიშნული პროცესები დემოკრატიის ფუნქციონირებასთან წინააღმდეგობაში მოდის.
“ღრმად მწამს, რომ ჯანსაღი დემოკრატია საქართველოს პოტენციალის სრულად გამოვლენის ერთადერთი გზაა. სამწუხაროდ, ბოლო დროინდელი პოლიტიკური ტენდენციები, მათ შორის პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავება, საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებში არსებული სამართლიანი დემოკრატიის ფუნქციონირებასთან წინააღმდეგობაში მოდის”, – აცხადებს კონოლი.
მისივე განცხადებით, სულ რაღაც 10 დღის წინ, კონგრესში საქართველოს მხარდაჭერის აქტი დაარეგისტრირა, რომელიც შტატების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და უსაფრთხოების მტკიცე მხარდაჭერას უსვამს ხაზს, განსაკუთრებით რუსეთის აგრესიის პირობებში.
“გაჭიანურებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამის მიღწევა კი, მხოლოდ დიალოგისა და უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ნდობის აუცილებელი პირობების შექმნით არის შესაძლებელი.
საერთო დემოკრატიული ღირებულებები ნატოს წევრ ქვეყნებსა და საქართველოს მსგავს პარტნიორებს შორის ჩვენი უძლიერესი იარაღია მოსკოვის, პეკინისა და სხვა ქვეყნების ავტოკრატიების წინააღმდეგ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.