გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატის, ლელა გოგოლაძის განცხადებით, დაცვის მხარე იბრძოლებს როგორც სამართლებრივად, ასევე, შესაძლოა, აქციების გზითაც.
მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება დასტურია, რომ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს.
„ბიძინა სტურუა არის უბინძურეს წუმპეში ამოსვრილი, ნილოსი თუ გარეცხავს, არაგვი და მტკვარი ამ მოსამართლეს ვეღარასდროს გარეცხავს. ეს გადაწყვეტილება იმიტომ იქნა მიღებული, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს სამართალი და ეს ქვეყანა არ არის სამართლებრივად შემდგარი, ჩამოშლილია სახელმწიფო. ჩვენ ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ. სამართლებრივად ხომ ვიბრძოლებთ, შეიძლება გავიდეთ ქუჩაში, ყველა ღონეს მივმართავთ, რაც კანონს არ ეწინააღმდეგება. სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე კი არა, უკანასკნელ საფეხურზე დგას და ჭაობშია“,- განაცხადა ადვოკატმა.
ვახტანგ ჩიქოვანის დედის, ნინო გოგილაშვილის განცხადებით გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
„გადაწყვეტილების გასაჩივრებას ვაპირებთ. არავითარი მტკიცებულება არ აქვთ. 16-წლიანი სასჯელის შემდეგ მშვიდად შეგვიძლია გადაწყვეტილების მიღება? დავმშვიდდებით და მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას“,-განაცხადა ვახტანგ ჩიქოვანის დედამ.