„აი ესე, ტუჩებში უნდა ურტყა რა”- მარნეულის ყოფილი მერი გიგი უგულავას განცხადებაზე

მარნეულის ყოფილი მერი საკუთარ Youtube არხზე ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას ეხმაურება. აბაზოვმა ვიდეო დღეს, 15 მარტს გამოაქვეყნა.

ინფორმაციისთვის, გიგი უგულავამ ბერა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერების გასაჯაროვების შემდგომ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ადამიანებზე ზეწოლა „ქართული ოცნების“ ხელწერაა.

უგულავამ ჩანაწერებზე საუბრისას მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის დაკავების საქმეც გაიხსენა. აბაზოვი უგულავას ამ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში სასამართლომ ის გაამართლა. ვიდეო,რომელსაც თემურ აბაზოვი აქვეყნებს 24 წუთიანია.

შეგახსნებთ, თემურ აბაზოვი მარნეულის მერობის პერიოდში დააკავეს. შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ ყოფილი მერი გირაოთი გაათავისუფლეს. რუსთავის საქალაქო სასამართლომ  აბაზოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. მას ბრალი ჯგუფურად ჩადენილ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ედებოდა.