“ასტრაზენეკას” 1 400 დოზა რუსთავშია

კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინის 1 400 დოზა რუსთავშია. როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში TV4-ს განუცხადეს, ვაქცინა პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალისთვის იქნება განკუთვნილი.

ცენტრის ეპიდემიოლოგის, გიორგი მუმლაძის ინფორმაციით,  ვაქცინაციის ჩატარება  სამედიცინო პერსონალს ქალაქის N1 და N2 დიაგნოსტიკურ (“ჰიგია”) ცენტრებში შეეძლებათ.

“დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ჩამოგვიტანა 1 400 დოზა ვაქცინა. ეს პირველ რიგში, გათვალისწინებულია მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის. განსაკუთრებით მათთვის, ვინც უშუალოდ კონტაქტშია კოვიდპაციენტებთან.  ესენი არიან მაგალითად, სასწრაფო დახმარების ექიმები, კოვიდ ცენტრების თანამშრომლები, აქ იგულისხმება ყველა ვინც უშუალოდ მუშაობს კოვიდპაციენტებთან.

რუსთავში რეგისტრირებულია 2 000-მდე სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი.  აქ არ შედის, ვისაც კოვიდთან შეხება არ აქვს, მაგრამ შემდეგ, როგორც სამედიცინო პერსონალი, ისინიც აიცრებიან. “-განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

რუსთავში, მედპერსონალის აცრა დიაგნოსტიკურ ცენტრებში ხვალიდან დაიწყება

ვაქცინის შემდეგი მარაგი ქალაქში აპრილის პირველ დეკადაში შემოვა.