როგორ შეძლებენ “გირჩის” წევრები მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნებას

“გირჩის” ბიბლიური თავისუფლების წევრებმა “შენდობისა” და “სინანულის” წერილები უნდა დაწერონ იმისთვის, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები ისევ გახდნენ.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ  მათი  სინანული მღვდელმთავარმა უნდა დაადასტუროს, რომელიც გასცემს რეკომენდაციას ეპისკოპოსთან წარსადგენად. წინააღმდეგ შემთხვევაში საპატრიარქო მათ ჯვრისწერისა და ნათლობის უფლებას არ აძლევს და წესის აგებაზეც უარს ეუბნება.

“მღვდელმსახურმა ე.წ. “სინანულის ფურცელზე” მას ხელმოწერით უნდა დაადასტურებინოს საკუთარი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ წაუკითხოს შენდობის ლოცვა და მის სახელზე ინდივიდუალურად გასცეს ე.წ. “შენდობის ფურცელი” პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით. აღნიშნული პროცედურის შემდეგ ასეთი პირი კვლავ ჩაითვლება მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად”, — აცხადებენ საპატრიარქოში.

გარდა ამისა, აქვეყნებენ “სინანულისა” და “შენდობის” ფურცლების ნიმუშებს, რომელშიც წერია, რომ ხელმომწერი “აცნობიერებს დანაშაულს” და სურს დაუბრუნდეს “ეკლესიის წიაღს”.

სინოდის ბოლო განჩინებით, საპატრიარქო  გირჩის ბიბლიურ თავისუფლებას დაუპირისპირდა, რომელიც გასცემს სასულიერო პირის მოწმობებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის ასარიდებლად. საპატრიარქო იუწყებოდა, რომ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ სასულიერო პირის სტატუსის მქონე პირებს ქრისტიანულ რიტუალებში მონაწილეობის უფლებას არ მისცემდნენ.