გაბუნია: ამ კვირაში იქნება დაკვირვება ეპიდემიურ ტენდენციებზე

 ამ კვირაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დაკვირვება ეპიდემიურ ტენდენციებზე, რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, ვიმსჯელოთ რამდენად უსაფრთხოდ გავიარეთ შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით კლინიკებში კოვიდინფიცირებული 1 383 პაციენტი მკურნალობს.

„დღევანდელი მდგომარეობით, 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, 10 გარდაცვალების შემთხვევა იყო. ზოგადად, ტესტირება დასვენების დღეებში არ ტარდება ბევრი, დაახლოებით, 6 000 ტესტი ჩატარდა. ამ კვირაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დაკვირვება ეპიდემიურ ტენდენციებზე, რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, ვიმსჯელოთ რამდენად უსაფრთხოდ გავიარეთ შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი. რაც შეეხება კლინიკებში პაციენტების რაოდენობას, 1 383 პაციენტი იმყოფება კოვიდის დიაგნოზით, აქედან 77 არის რეანიმაციულ განყოფილებაში და 278 პაციენტი მკურნალობს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში“, – განაცხადა გაბუნიამ.