ვაქცინაციის გეგმა არ შეცვლილა- რამდენი სამედიცინო მუშაკი აიცრება პირველ ეტაპზე?

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის გეგმა არ შეცვლილა და პირველ ეტაპზე 14 000 სამედიცინო მუშაკი აიცრება.

როგორც გამყრელიძემ განმარტა,  ვაქცინაცია უშუალოდ კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან მომუშავე სამედიცინო პერსონალით დაიწყება.

„ვაქცინაციის გეგმა ამ ეტაპზე არ შეცვლილა. 22 მარტის კვირაში უნდა შემოვიდეს 29 250 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა და იმით უნდა აიცრას 14 000 ადამიანი. აღნიშნული ვაქცინის პირველ ეტაპზე სრულად გაკეთება ყველასთვის არ შეიძლება იმიტომ, რომ ჩვენ გარანტიებულები უნდა ვიყოთ, რომ მეორე დოზა იგივე „ფაიზერის“ იქნება. ამიტომ, ის გაიყოფა ორად და აიცრება 14 000 სამედიცინო მუშაკი. მოგეხსენებათ, სამედიცინო მუშაკები გაცილებით ბევრი არიან, ამიტომ პირველ ეტაპზე აიცრებიან უპირატესად კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან მომუშავე პერსონალი. ესენი არიან კოვიდკლინიკებში სასწრაფოებზე მომუშავე პერსონალი, 14000-14500 ადამიანი და სამი კვირის შემდეგ შეენახებათ მათ ვაქცინის მეორე დოზა.

ამავე დროს უნდა შემოვიდეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია. 129 000 არის ამ ეტაზე გამოყოფილი, მაგრამ პირველ პარტიად მოდის 43 000, აპრილის მეორე ნახევარში ჩამოვა დანარჩენი 86 000. აქედან გამომდინარე, 43 000-ით ისევ აიცრებიან მედიცინის მუშაკები, ანუ დასრულდება პირველი დოზით მედიცინის მუშაკების აცრა. „ასტრაზენეკას“ განმეორებითი დოზა შეიძლება გაკეთდეს 4-12 კვირამდე, ამიტომ მეორე დოზით აიცრებიან ასევე მედიცინის მუშაკები, ეს შემოვა აპრილის მეორე ნახევარში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, სამედიცინო მუშაკების შემდეგ ვაქცინაცია მოხუცებულთა სახლებში მყოფ პირებსა და მათ მომვლელებს შეეხებათ.

„სამედიცინო მუშაკების შემდეგ, მეორე ჯგუფი იქნება მოხუცთა სახლებში მყოფი ხანდაზმულები და მათი მომვლელი პერსონალი და ამის შემდეგ გადავდივართ 75 წელს ზემოთ მყოფ ადამიანებზე. ამასობაში, გაირკვევა ის მოლაპარაკებები, რომელიც დღეს ინდოეთში მიმდინარეობს. თუ ჩვენ „ასტრაზენეკას“ ინდოეთიდან დამატებით მივიღებთ, ვაქცინაცია გაგრძელდება გეგმის მიხედვით. მასობრივი იმუნიზაცია, რაც ძალიან დიდ ჯგუფებს უნდა ჩაუტარდეს, დიდი ალბათობით, იქნება მას შემდეგ, რაც დაგროვდება რამდენიმე ასეული ათაზი დოზა ქვეყანაში და ეს იქნება ალბათ, მაშინ, როცა „ნოვავაქსის“ დიდი პარტია, მილიონი დოზა შემოვა. მანამდეც ვფიქრობ, რომ ჩვენ მოვიპოვებთ რამდენიმე ასეულ დოზა „ასტრაზენეკას“ და ასევე, ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ სხვა ავტრორიზიებულ ვაქცინებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.