ვაშაძე: სტრატეგია მაქვს, ამდენი ხნის განმავლობაში ვაქცინაც ჩამოტანილი იქნებოდა

მივმართავ ირაკლი ღარიბაშვილს, კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლე უნდა დავკარგოთ კორონავირუსის გამო, რომ თქვენ ის ფუნქცია შეასრულოთ, რომელსაც ყველაზე მაჩანჩალა ქვეყნების ხელისუფლებებიც კი ასრულებენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ვაშაძე მთავრობას მოუწოდებს, ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებთან მოსალაპარაკებლად მინისტრები წავიდნენ.

მისივე განცხადებით, მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან რიტორიკაა, თითქოს ვაქცინა საქართველოს არ სჭირდება.

„მსოფლიოს 111 ქვეყანაში დაწყებულია ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია, მათ შორის ჩვენზე გაცილებით ნაკლები ეკონომიკური განვითარების ქვეყნებში. ჩვენთან კი სამწუხაროდ, დღემდე არც ერთი ვაქცინა არ არის შემოტანილი. კიდევ უფრო უარესია ის, რომ სამთავრობო წარმომადგენლების მხრიდან ისეთი რიტორიკა და მსჯელობა მიდის, თითქოს ვაქცინა არ გვჭირდება. ერთი წლის წინ, როცა ჩვენ ვსაუბრობდით ტესტებთან დაკავშირებით, გამოდიოდნენ და გვიმტკიცებდნენ, რომ ტესტები საჭირო არ არის, ახლა გამოდიან და გვიმტკიცებენ, რომ ვაქცინა პანაცეა არ არის, თითქოს არ სჭირდება ქვეყანას და არაფერი საჩქარო არ არის. კატეგორიულად მიუღებელია, როცა გვეუბნებიან, რომ ათ დღეში ვაქცინის სულ რაღაც 29 ათასი დოზა შეიძლება შემოვიდეს, რომელიც ერთი თვის წინ უნდა შემოსულიყო, მერე მაისამდე უნდა ველოდოთ კიდევ რამდენიმე ათეულ ათას ვაქცინას, რომელიც არაფერს არ იზამს.

მივმართავ პირადად ბატონ ღარიბაშვილს, ადამიანის სიცოცხლე დგას ბეწვის ხიდზე, 3 500-ზე მეტი ადამიანი უკვე გარდაიცვალა, კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლე უნდა დავკარგოთ, რომ თქვენ გონს მოეგოთ და ის ფუნქცია შეასრულოთ, რომელსაც ყველაზე მაჩანჩალა ქვეყნების ხელისუფლებებიც კი ასრულებენ, რომ კაბინეტებიდან გამოხვიდეთ, დაიწყოთ პირდაპირი მოლაპარაკებები კომპანიებთან, ჩახვიდეთ მათ ოფისებში და დაიწყოთ ვაქცინის შემოტანა ქვეყანაში“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, მას ამდენი ხნის განმავლობაში ვაქცინაც შემოტანილი ექნებოდა და ამ დროისთვის 500 000 ადამიანიც აცრილი იქნებოდა.

„მე სტრატეგიაც მაქვს, ამდენი ხნის განმავლობაში ვაქცინაც ჩამოტანილი იქნებოდა და 500 ათასი ადამიანის აცრაც მოესწრებოდა. ვაქცინის ჩამოტანის ერთადერთი გზა არის ხელისუფლების პირდაპირი მუშაობა, მთავრობის წარმომადგენელი თუ არ ხარ, ვაქცინას ვერ იყიდი. როცა საუბრობენ, რომ კერძო კომპანიებს შემოვატანინოთო, ვერ შემოიტანს ვერც ერთი კერძო კომპანია, მათზე ვაქცინა მსოფლიოში არსად არ იყიდება, მხოლოდ სახელმწიფოებს აძლევენ. მინისტრები ხომ ჰყავთ, ერთი მინისტრი, ვინც ინგლისური იცის, ერთ კომპანიასთან გაუშვან, წავიდეს, დაელაპარაკოს, დაჯდეს და სანამ ვაქცინას არ ჩამოიტანს, არ ჩამოვიდეს ამ ქვეყანაში. რას მიკეთებენ, აქ რომ არიან ეს მინისტრები.

ვითხოვთ დოკუმენტის გასაჯაროებასაც, გამჭვირვალობას, ხალხის ჩართვას, სპეციალისტების ჩართვას, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ჩართვას ვითხოვთ. ყველას ჩავრთავდი, მეტს გადავიხდიდი, ოღონდ ვაქცინა ჩამომეტანა, რადგან არაფერი მოხდება, ვერც ტურიზმი ამუშავდება და ადამიანების სიცოცხლეს ვერ გადავარჩენთ, თუ ვაქცინაცია არ დავიწყეთ“, – განაცხადა ვაშაძემ.