“ვისაც ფილერი აქვს, ამის გამო ვაქცინაციისგან თავი არ უნდა შეიკავონ”

ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ თუ ადამიანს ფილერი აქვს, ეს ვაქცინაციის უკუჩვენებად არ ითვლება და აღნიშნულის გამო იმუნიზაციისგან თავი არ უნდა შეიკავონ.

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, იმუნური რეაქცია ფილერზე წლების წინ გრიპის ვაქცინაციის დროს აღმოაჩინეს და “ფაიზერის” შემთხვევაშიც დაფიქსირდა აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, თუმცა ეს ვაქცინაციის საწინააღმდეგო ჩვენებად მიჩნეული არ იქნა:

“ფილერებთან დაკავშირებული იმუნოლოგიური რეაქცია და პასუხი იმუნიტეტის გრიპის ვაქცინაციის დროს წლების წინაა აღმოჩენილი. ეს ახალი არ არის. თუმცა “ფაიზერთან” მიმართებით აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში შემჩნეული იქნა. თუმცა დღეს არსებობს ასეთი რეკომენდაცია, რომ ეს არ არის ვაქცინაციის საწინაარმდეგო ჩვენება.

თუ შეშუპება ფიქსირდება, სპეციფიკური სქემაცაა მოწოდებული. რამდენიმედღიანი ჰორმონის ჩართვაა საჭირო და ეს უკვალოდ ქრება. ამიტომ, ვისაც ფილერი აქვს, არ შეეშინდეთ, თავი არ შეიკავონ ამის გამო ვაქცინაციისგან”, — ამბობს ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

დღეს, 25 მარტს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ “ფაიზერის” ვაქცინის კითხვარს დაემატა კითხვა ფილერების შესახებ.