როგორც კი პარლამენტში 113 დეპუტატი შეგროვდება, მაქსიმალურ ბარიერი 2024 წლის არჩევნებისთვის 3%-ით განისაზღვრება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.
კობახიძემ კომენტარი საარჩევნო რეფორმაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მათ მიერ შემუშავებულ პაკეტს კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული რეკომენდაციაც დაემატა.
„ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმა განხორციელდება და თქვენ იცით, თუ რას მოიცავს ეს ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმა. ეს არის დაბალი საარჩევნო ბარიერი. ეს არის მუნიციპალური საარჩევნო სისტემის ცვლილება ზუსტად იმის მიხედვით, რაც წერია დანიელსონის დოკუმენტში: უფრო დაბალი ბარიერებითა და განსხვავებული პროპორციით თვითმმართველობის საკრებულოების არჩევნებისთვის. რეფორმა ითვალისწინებს, რომ 8-მდე იზრდება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლობა თითოეულ საარჩევნო კომისიაში.
დანიელსონის რეკომენდაციის თანახმად, დაემატება პუნქტი უბნებთან დაკავშირებით. უბნებშიც იქნება უზრუნველყოფილი ოპოზიციის წარმომადგენლობა წევრებით. ეს იქნება სიახლე. კიდევ უფრო გაფართოვდება ის პაკეტი, რომელიც უკვე წარდგენილია პარლამენტში.
საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით, როგორც კი პარლამენტში 113 დეპუტატი შეგროვდება, მაქსიმალურ ბარიერთან 2024 წლის არჩევნებისთვის 3%-ით განისაზღვრება. ეს იქნება მაქსიმუმი. ყველაფერთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებთ. დანარჩენი ოპოზიციასა და მათ კონსტრუქციულ მიდგომაზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა კობახიძემ.