ნინო ბურჯანაძე: მოლაპარაკებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ჩაიშალოს

მოლაპარაკებები არცერთ შემთხვევაში არ უნდა ჩაიშალოს, მით უფრო ოპოზიციის მიზეზით, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ამ ჩანაწერების და მისი დუმილის შედეგად, ყველაზე ცუდად გამოიყურება.

„ის, რომ 2 დღეა პრემიერ-მინისტრი საკუთარ ხალხს საერთოდ არაფერს ეუბნება, არ ჩანს და დამალულია, ამ ყველაფრის შემდეგ, რომ მასთან საუბარი უბრალოდ გარკვეულწილად ანომალიაც და არაკომფორტულიცაა, ამაში ეჭვი არავის ეპარება და ამაზე დავა საერთოდ არ ყოფილა. მეორე თემა არის ის, რომ მოლაპარაკებები არცერთ შემთხვევაში არ უნდა ჩაიშალოს, მით უფრო ოპოზიციის მიზეზით. ამიტომ, ყველა ვიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ თუ ხელისუფლებას მართლა უნდა მოლაპარაკებები მეტ-ნაკლებად კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართოს, უნდა შეცვალოს ღარიბაშვილი და მის ნაცვლად გამოაგზავნოს ან თალაკვაძე, ან ვისაც თავად გადაწყვეტს, მაგრამ თუ კვლავ იქნება გაჯიუტების პოზიცია და ღარიბაშვილის ფიგურას მიაბამენ იმას, რომ რადგან ღარიბაშვილს არ ელაპარაკებიან, ე.ი ოპოზიცია მოლაპარაკებას შლის და ქვეყნის დაქცევა უნდა, ხელისუფლებას ამის საშუალებას არ მივცემთ, რაც არ უნდა არაკომფორტული იყოს. ის ადამიანები, ვინც მონაწილეობენ ამ მოლაპარაკებების პროცესში, მოლაპარაკებას მიშელის ფორმატით გააგრძელებენ. პრინციპში, ღარიბაშვილის უკან ყველა შემთხვევაში ივანიშვილი დგას და ღარიბაშვილი იქნება თუ სხვა, ამას რადიკალური მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა იმ გაუგებრობაში, რასაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, ღარიბაშვილი ამ ჩანაწერების და მისი დუმილის შედეგად, ნამდვილად ყველაზე ცუდად და ყველაზე მძიმედ გამოიყურება“,-განაცხადა ბურჯანაძემ.