პატრიარქმა პროტოპრესვიტერს წიგნის დაწერა დაავალა – “ოჯახის ცხოვრება”

“აი, წავიკითხეთ სინანულის კანონი და ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს თავზე, უნდა ჩავიხედოთ ჩვენს გულში; ჩვენ გვახასიათებს განკითხვა, ცილისწამება. აღსარებას რომ ვამბობთ, არ უნდა ვთქვათ, ცოდვა ვისთან ჩაიდინეთ, იმიტომ, რომ იმ ადამიანსაც მძიმე მდგომარეობაში აყენებთ.”- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II სიონის ტაძარში განაცხადა.

პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და თქვა, რომ ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, როგორ აღზარდოს შვილები. პატრიარქმა პროტოპრესვიტერს წიგნის დაწერა დაავალა – “ოჯახის ცხოვრება”.

“მაქვს ერთი წინადადება – ჩვენ გვაქვს ბევრი ინსტიტუტი, სასწავლებლები, მაგრამ ადამიანის უნივერსიტეტი არ გვაქვს. ადამიანი ურთულესი პიროვნებაა და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ აღვზარდოთ ჩვენი შვილები.

აი, ჩვენთან მოდიან ახალგაზრდებიც, მოხუცებიც; ხშირი შემთხვევაა, რომ დედ-მამს ჰყავს ერთი შვილი, დაოჯახების შემდეგ ის შვილი ტოვებს თავის მშობლებს და მიდის ცალკე. შეიძლება ის მშობლები მშივრები არ არიან, მაგრამ სიყვარული აქვთ თავიანთი შვილისა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს მცნება: “პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა”.

სიონის საპატრიარქო ტაძარს ვავალებ, მამა გიორგის – პროტოპრესვიტერის თაოსნობით, დაიწეროს წიგნი “ოჯახის ცხოვრება”, – როგორ მოუაროს მშობელმა შვილებს და შვილებმა – მშობლებს, როგორ იმკურნალონ, როგორ იშრომონ.

აი, ისეთი პერიოდი მოდის, როცა ვერ წარმოგიდგენია, რა იქნება ხვალ. ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს სახლიც, ნაკვეთიც, ჩვენი მოსავალი. ჩვენ შრომა უნდა ვიცოდეთ, უნდა დავამუშაოთ მიწა. მიწა მკურნალია ადამიანისა, მიწიდან ვართ ჩვენ და სიყვარული უნდა გვქონდეს მიწისა.მამა გიორგის ეყოლება სხვა დამხმარე ადამიანებიც. თქვენ თითქმის ყველა უმაღლესი ცოდნით ბრძანდებით, თქვენ არ გაგიჭირდებათ ამ წიგნის დაწერა.

ეს იქნება ისტორიული წიგნი. სიონი არის დედაეკლესია, მაგრამ ეს უნდა იყოს გასაგები ენით დაწერილი, ამავე დროს – მეცნიერულად გამართული. უნდა დაიწეროს გეგმა, რას შეეხება მედიცინა, თავის მოვლა, ჰიგიენა, სისუფთავე, წესრიგი ოჯახში. თქვენ ალბათ მიაქციეთ ყურადღება, რომ ხშირი შემთხვევაა ცოლ-ქმრის დაშორებისა; ამბობენ, ხასიათებით ვერ ვეთავსებით ერთმანეთსო. ადამიანმა უნდა მოითმინოს, უნდა დაუთმოს, ადამიანმა უნდა იცოდეს, როგორ მოუაროს საკუთარ თავს, როგორ მოუაროს თავს, ყურებს, ყელს, ორგანიზმს.

ასე რომ, აი, დღევანდელი დღე ისტორიულია. თქვენ ყველას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ დავწეროთ, მეც – მათ შორის. მე ვიქნები თქვენი მრჩეველი, ბევრი რამე ვიცით ცხოვრებისეული.

ამის შესახებ დაწერილია ბევრი წიგნი. მერე დავდებთ ამას ინტერნეტში, მოვისმენთ. ძალიან საინტერესო იქნება. ერთ კვირაში ველოდები გეგმას. მამა გიორგი, ერთ კვირაში მოიწვიეთ, გაანაწილეთ, ვის რა თემა შეხვდება, სარჩევი გააკეთეთ. ეს იქნება ეკლესიაში დაწერილი და მორწმუნე ხალხის მიერ შედგენილი უნიკალური წიგნი.გიყვარდეთ ერთმანეთი. უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი. იოანე ღვთისმეტყველი ხშირად ამბობს ერთმანეთის სიყვარულის შესახებ. სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ.”-განაცხადა პატრიარქმა.