შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გორში წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. 2001 წელს დაბადებულ პირს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება.
შსს-ში აცხადებენ, რომ დანაშაულები 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ანგარიშსწორების მიზნით, 1990 წელს დაბადებულ ა.ა.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ინტენსიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ბრალდებულის სახით დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.