პრემიერი: ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე

სრული მზაობა მინდა დავადასტურო ჩვენი გუნდის და პარტიის სახელით, რომ ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, პროცესში ევროკავშირის ჩართულობა ქვეყანას დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს, მათ შორის ყველა აქტორს, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას.

„როგორც მოგეხსენებათ, ბატონი კრისტიან დანიელსონი ვიზიტით იმყოფება საქართველოში. გულწრფელი მადლიერებით მინდა აღვნიშნო პრეზიდენტ შარლ მიშელის ჩართულობა ამ პროცესში. მოგეხსენებათ კარგად, რომ პრეზიდენტ შარლ მიშელის ჩართულობა არ არის სისტემარური და ხშირი შემთხვევა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში და ჩვენს მიმართ მისი და ევროკავშირის ინტერესი ხაზს უსვამს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისთვის. აქედან გამომდინარე, ეს რა თქმა უნდა, არის გამოხატულება ნდობისა ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს მიმართ. ეს ჩვენ გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას – ყველა აქტორს: ხელისუფლებას და ოპოზიციას. ასეთივე პათოსით და სულისკვეთებით განმსჭვალული უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. სრული მზაობა მინდა დავადასტურო ჩვენი გუნდის და პარტიის სახელით, რომ ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ეს არაერთხელ განგვიცხადებია მათ შორის ოპოპოზიციასთან არაერთი შეხვედრის დროს, არაერთ ფორმატში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა: “ბატონი დანიელსინი არის გამოცდილი დიპლომატი. იგი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ ეს პროცესი დასრულდება მოკლე დროში. იმედი მაქვს კონსტრუქციული დიალოგის, ოპოზიციის კონსტრუქციულობის”.-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.