სამინისტრო მთავრობას ფქვილის სუბსიდირების გაგრძელების ინიციატივით მიმართავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მთავრობას ხორბლის ფქვილის სუბსიდირების გაგრძელების ინიციატივით მიმართავს. სამინისტროს ინფორმაციით, მოქმედი მოდელით ფქვილის სუბსიდირების კიდევ 3 თვით გაგრძელებას დაუჭირეს მხარი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს.

“პანდემიით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ძირითადი მოხმარების პურზე არსებული ფასის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. პურის მწარმოებლებთან, ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებთან შეთანხმების საფუძველზე, მთავრობას წარვუდგენთ სუბსიდირების მოქმედი მოდელის კიდევ სამი თვით გახანგრძლივების საკითხს“, – განაცხადა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელიც სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.

სამინისტროს ცნობითვე, ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა დღეს, 25 მარტს, პურის მწარმოებლებთან, ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.