სერგო ჩიხლაძე: მოლაპარაკება შედგება, 16 მარტამდე ძირითადი კონტურები უნდა გამოიკვეთოს

შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი უახლოეს დღეებში ჩამოვა და მოლაპარაკება შედგება, 16 მარტამდე ძირითადი კონტურები უნდა გამოიკვეთოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებას არცერთი მიზეზით არ ჩაშლიან. სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მოლაპარაკებები შედგება და ოპოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იქნება. შარლ მიშელმა სპეციალური წარმომადგენელი გამოყო, რომელიც უახლოეს დღეებში საქართველოში ჩამოვა და შედგება მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. „სტრატეგია აღმაშენებელი“ და სხვა ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებებს არანაირი მიზეზით არ ჩაშლიან მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარეს შესაძლოა, ღარიბაშვილი იყოს. „ქართული ოცნების“ პრობლემაა, მისი სახე ღარიბაშვილი თუ იქნება. მოლაპარაკებები შედგება და აუცილებლად მოვითხოვთ, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, ნიკა მელია, გიორგი რურუა, ვადამდელ არჩევნებზეც მოვილაპარაკებთ, საარჩევნო გარემოზეც და ასევე ძალაუფლების გადანაწილების ხერხებზე, რაც შარლ მიშელმა შეიტანა ამ ექვს პუნქტში.

ჩვენ სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ ამ ექვს პუნქტზე მოსალაპარაკებლად, ასევე მზად ვართ ურთიერთკომპრომისებისთვის. რაც შეეხება შეთანხმებას, აქ საუბარია, რომ 16 მარტამდე ძირითადი კონტურები უნდა გამოიკვეთოს, გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა იყოს.  შესაძლოა, არ იყოს დეტალურად ჩაშლილი ექვსივე პუნქტზე, თუმცა ძირითადი დეტალები, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, შეთანხმებისკენ მივდივართ და „ქართული ოცნება“ გარკვეულ დათმობაზე მოდის, ეს სურათი უნდა დაინახოს ევროკავშირმა, მიშელის წარმომადგენელმა და საზოგადოებამ“, – განაცხადა ჩიხლაძემ.