ტიკარაძე: ვაქცინის არჩევა ნებაყოფლობითი იქნება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინის არჩევა მოსახლეობისთვის ნებაყოფლობითი იქნება. მისივე თქმით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოსახლეობის განწყობა დეკემბერთან და იანვართან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.

“ჩვენ ვიცით, რომ ვაქცინაცია საქართველოში არის ნებაყოფლობითი და ჩვენ ამას ვემხრობით. ის იქნება კვლავაც ნებაყოფლობითი. ასევე, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითი იქნება ვაქცინის არჩევა და ჩვენ მოქალაქეებს მივცემთ იმის საშუალებას, ის ვაქცინა აირჩიონ, რომელსაც მეტად ენდობიან. რაც შეეხება, ხარისხის კომპონენტსა და განსხვავებებს ვაქცინებს შორის, აქ მთავარი არის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ვაქცინის აღიარება. მაშინ, როდესაც ჩინურ ვაქცინასაც აქვს და ექნება მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან აღიარება, ეს უკვე მის ხარისხს ეჭქვეშ არ აყენებს და ასევე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ჩინური ვაქცინა ტრადიციულ მეთოდებზეა დამზადებული”, — აღნიშნა ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.