ქვემო ქართლში წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
“ შპს „საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს.
„ნატანი მასისა და დანალექი გრუნტისგან გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მტკვარი-ჯანდარის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელი არხის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.
ექსპლუატაციის პროგრამით ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის გამტარუნარიანობას გაზრდის, შედეგად სარწყავი წყლის მიწოდება 250 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.
აღდგენილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით სოფელ ნაგების, ბირლიკისა და ქალაქ გარდაბნის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მოირწყვება.
სამუშაოები, რომელსაც საქართველოს მელიორაცია საკუთარი ძალებით ახორციელებს დასრულების ეტაპზეა”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.