ჩვენ არ შევეგუებით და ვაგრძელებთ ოკუპაციასთან და მის სავალალო შედეგებთან ბრძოლას, – სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
ახვლედიანის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა ამ დრომდე განიცდის საკუთარი ფუნდამენტური უფლებების უხეშ და სისტემატიურ დარღვევას.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებით შემაშფოთებელია გალსა და ახალგორში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობა.
„მათ მიზანმიმართულად შეზღუდული აქვთ იმგვარი უფლებებით სარგებლობა, რაც ხელმისაწვდომია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვის. მძიმე უფლებრივ მდგომარეობას ემატება ადგილზე არსებული ჰუმანიტარული ვითარება, რამაც ახალგორის მიმართულებით, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივი ჩაკეტვის გამო, ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.
მოგეხსენებათ, რომ სოხუმსა და ცხინვალში უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს 5 მოქალაქე, ხოლო გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და დავით ბაშარულის მკვლელობაში ბრალდებული პირები ამ დრომდე დაუსჯელნი რჩებიან. მიუხედავად 100 კმ მავთულხლართისა, რომელიც ცხინვალის რეგიონის მიმართულებით არის გავლებული, ჩვენ არ შევეგუებით არსებულ ვითარებას. საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით და ერთობლივი გაორმაგებული ძალისხმევით, მათ შორის ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში, ჩვენ ვაგრძელებთ ოკუპაციასთან და მის სავალალო შედეგებთან ბრძოლას პრინციპული, თუმცა პრაგმატული და ცალსახად კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკით“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.