გვინდა ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ცვლილების პაკეტი, მაგრამ კომპრომისის სახით განვიხილავთ პლებისციტს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას მან აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ ივანიშვილი ჯიბრით პლებისციტს დანიშნავს.
„ჩვენი პოზიცია იყო და რჩება ასეთად – გვინდა ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ცვლილების პაკეტი, მაგრამ კომპრომისის სახით განვიხილავთ პლებისციტს, სადაც ქართველ ხალხს დაესმება კითხვა: სურთ თუ არა ახალი არჩევნები. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ახლა მთავარია, ივანიშვილმა სააკაშვილის ჯინაზე გადაწყვიტოს, რომ თანხმდება პლებისციტს, გამოუშვას პოლიტპატიმრები, მერე შეეგუოს მარცხს პლებისციტში და შემდგომ შეეგუოს მარცხს არჩევნებში. სააკაშვილის ჯინაზე ქნას ეს ყველაფერი, მე მხოლოდ გამიხარდება. რაც შეეხება არგუმენტს, რომ გააყალბებენ პლებისციტს, მაგრამ ვერ გააყალბებენ არჩევნებს, აქ ნულოვანი ლოგიკაა.
დისკუსიისას სხვადასხვა ფიგურას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა აზრი, რა ღირს და რა არ ღირს. სააკაშვილის უფლებაა, ასეთი შეხედულება ჰქონდეს. მინდა, ჩვენმა ქვეყანამ ისარგებლოს ამ ვითარებით, როცა სააკაშვილი რაღაცას დაუპირისპირდა და ივანიშვილმა ტრადიციულად მის ჯინაზე გადადგას ამჯერად სწორი ნაბიჯი“, – განაცხადა ბოკერიამ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ პლებისციტზე დათანხმება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.