გაბუნია: კოვაქსი ვაქცინის მოწოდების 2-3 კვირიან გადავადებაზე საუბრობს

ჩვენ, კვლავ ვაგრძელებთ COVAX-თან და “ფაიზერთან” თანამშრომლობას და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს გადავადება მოკლე ხანში აღმოიფხვრება, -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით,  COVAX პლატფორმა ვაქცინის მოწოდების 2-3 კვირიან გადავადებაზე საუბრობს.

“საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ბოსნია – ეს ის 4 ქვეყანაა, რომელიც “ფაიზერის” მისაღებად შეირჩა. ​ჩვენ ყველამ მივიღეთ ერთნაირი კომუნიკაცია 29 იანვარს, სადაც მითითებული იყო ვაქცინის მიღების თარიღად თებერვლის შუა რიცხვებიდან, თებერვლის ბოლომდე. ეს თარიღები ყველა ქვეყნისთვის ერთნაირად გადავადდა.

ჩვენ, კვლავ ვაგრძელებთ COVAX-თან და “ფაიზერთან” თანამშრომლობას და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს გადავადება მოკლე ხანში აღმოიფხვრება. COVAX პლატფორმა 2-3 კვირიან გადავადებაზე საუბრობს. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დაპირება მიმწოდებლის პირობის შესრულებაზეა დამოკიდებული,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნია აცხადებს, რომ არსებული მოლოდინით, ვაქცინაციის დაწყება მარტს აღარ უნდა გადასცდეს.