გაბუნია: „ფაიზერის“ მხრიდან დამატებითი მოთხოვნები ხვალ დაზუსტდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ „კოვაქსის“ მიერ გამოქვეყნებულ ვაქცინების განაწილების განახლებულ სიაში საქართველო 140 ქვეყანას შორის არის, რომელიც პირველ ეტაპზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 129 600 დოზას მიიღებს.

„2 მარტს „კოვაქსმა“ გამოაქვეყნა ვაქცინების განაწილების განახლებული სია, რომლის თანახმად საქართველო არის 140 ქვეყანას შორის, ვინც მიიღებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინას 129 600 დოზის ოდენობით მაისის ბოლომდე, შემდგომ უკვე ივნისის ბოლომდე დაზუსტდება ის დამატებითი რაოდენობა, რაც საქართველომ უნდა მიიღოს იმ საწყისი დაანონსებული რაოდენობიდან. თავდაპირველად იყო საუბარი 184 000-დან 375 000 დოზამდე, ზუსტად რა რაოდენობა დაემატება 126 000 დოზას, დაზუსტდება ისევ ივნისში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, თამარ გაბუნიას თქმით, ხვალისთვის ჩაინიშნა სატელეფონო ზარი „ფაიზერის“ ოფისთან, რა დროსაც დამატებითი მოთხოვნები დაზუსტდება.

ასევე, გაბუნიამ „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდების გადავადებაზე საუბრისას კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს სამინისტრომ გარკვეული პირობა ვერ დააკმაყოფილა.

„რაც შეეხება „ფაიზერს“, გვაქვს აქტიური კომუნიკაციები. ხვალ, 5 მარტისთვის ჩაინიშნა სატელეფონო ზარი „ფაიზერის“ ოფისთან, სადაც დაზუსტდება დამატებითი მოთხოვნები, რაც „ფაიზერს“ სურს, რომ განიხილოს ჩვენთან ერთად პასუხისმგებლობის გადაზღვევის ფინანსურ ნაწილში. შემდეგ უკვე გვექნება იმისი საშუალება, რომ შევთანხმდეთ დეტალურად, როგორი იქნება მოწოდების სქემა 29 000 დოზისთვის.

რაც შეეხება უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველომ რომელიღაც პირობა ვერ დააკმაყოფილა და ამან გამოიწვია „ფაიზერის“ მოწოდების გადავადება, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ მაშინვე გააკეთა კომენტარი. ეს კომენტარი დაადასტურა „ფაიზერმაც“ და დაადასტურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორმა, რომლის განცხადება საქართველოს მიერ ვალდებულებების და ყველა ტექნიკური პროცედურის შესრულებასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ამით ვფიქრობ, ეს ინციდენტი სრულად არის ამოწურული და ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას „კოვაქსის“ ყველა პარტნიორთან“, – განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება „ნოვოვაქსის“ ვაქცინას, გაბუნია ამბობს, რომ ის „კოვაქსის“ პლატფორმაზე უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.

თამარ გაბუნიას თქმით, მას შემდეგ, რაც „ნოვოვაქსის“ ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება ავტორიზებული, აცრის სქემაში მასაც გათვალისწინებენ.

„სიახლეა ისიც, რომ „ნოვოვაქსის“ ვაქცინა გამოჩნდება „კოვაქსის“ პლატფორმაზე უახლოეს პერიოდში. ჩვენ უკვე მივიღეთ წინადადება იმის შესახებ, რომ გავითვალისწინოთ „ნოვოვაქსი“ ჩვენი აცრის სქემაში. რა თქმა უნდა, ამ წინადადებას საქართველო დაეთანხმება და უკვე გვექნება საშუალება, რომ „ნოვოვაქსიც“ გაჩნდეს ჩვენი აცრის კალენდარში, როგორც კი ის იქნება ავტორიზებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.