გაბუნია: 1 მლნ 400 ათასი დოზა ვაქცინის მისაღებად საქართველომ 5 მლნ 300 ათასი წინასწარ გადაიხადა

თამარ გაბუნიას განცხადებით, „კოვაქს“ პლატფორმაზე 1 მლნ 400 ათასი დოზა ვაქცინის მისაღებად საქართველომ 5 მლნ 300 ათასი წინასწარ გადაიხადა.

როგორც გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, კონკრეტულ მწარმოებლებთან ვაქცინის შესყიდვის ფინანსური მხარე გაუთქმელობის ხელშეკრულების ნაწილია.

„5 მლნ 300 ათასი იყო ის წინასწარი ღირებულება, რაც ქვეყანამ გადაიხადა „კოვაქსის“ პლატფორმაზე იმისთვის, რომ გარანტირებულად მივიღოთ მოსახლეობის 20%-სთვის, 700 ათასი ადამიანისთვის 1 მლნ 400 ათასი დოზა ვაქცინა, თორემ კონკრეტული მწარმოებლების ფასი მერყეობს და ზუსტდება ინდვიდუალური ხელშეკრულების ფარგლებში“,- განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება ვაქცინების დამატებით დოზებს, როგორც გაბუნია აღნიშნავს, მოლაპარაკება მიმდინარეობს „კოვაქვს“ პლატფორმასთან.

„ასევე მიდის აქტიური მუშაობა სხვა პირდაპირ მწარმოებლებთან დამატებითი დოზების მოპოვებისთვის. დაახლოებით 2.5 მლნ დოზა გვჭირდება დამატებით, გარდა იმისა, რასაც „კოვაქსის“ პლატფორმისგან მივიღებთ. გაუთქმელობის ხელშეკრულება არის რამდენიმე კომპანიასთან გაფორმებული, მათ შორის „მოდერნასთან“ და მოკლე ხანში, ვფიქრობთ, ეს ხელშეკრულებები ჩამოყალიბდება“,- განაცხადა გაბუნიამ.