გარდაბანის სოფელ თბილწყაროში აფეთქებას მოზარდი ემსხვერპლა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თბილწყაროში, სავარაუდოდ, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელის აფეთქების შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, ადგილზე ორი მოზარდი იმყოფებოდა, შედეგად ერთი გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა.

TV4-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე მძიმე იყო. რაც შეეხება მეორე ბავშვს, მას სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა  მსუბუქად შეფასდა.  მედიკოსების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არსებული ინფორმაციით, დაშავებულები ძმები არიან.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შემთხვევა დილის საათებში მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.