გრიგოლ გეგელია: პლებისციტს თუ მივაღწევთ, პარლამენტში შევალთ

პლებისციტის ჩატარებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში „ლელო“ პარლამენტში შესვლას გეგმავს. ამის შესახებ  „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ლელოს“ მოლოდინია, რომ ხალხი პლებისციტზე რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მხარს დაუჭერს.

„ჩვენ უმთავრესად ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ მივაღწიოთ მედიაციის სრულ პროცესს და პლებისციტს. ჩვენ ვთვლით, რომ პლებისციტი არის უმაღლესი სინჯის მექანიზმი, რომელსაც შეუძლია დემოკრატიული ვერდიქტი გვაჩვენოს. ეს არის ერთი შესაძლო ვარიანტი, მაგრამ დღეს ჩვენი მთავარი ფოკუსი არის იმაზე, რომ მივაღწიოთ მედიაციის საღ, სრულყოფილ ფორმატს. პლებისციტს თუ მივაღწევთ, ჩვენ შევალთ პარლამენტში და ვიმუშავებთ, რათა მოვამზადოთ ადეკვატური პლებისციტი და ადეკვატური რიგგარეშე არჩევნები.“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ექვსპუნქტიან მოთხოვნებთან დაკავშირებით ოპოზიციის ერთობა ურყევია.

ამასთან, გეგელიამ კომენტარი გააკეთა კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ხელმოწერილ მანიფესტზე.

„ოპოზიციური მაგიდა არის პატრიოტული მაგიდა, სადაც წარმოდგენილია ფაქტობრივად  ყველა ოპოზიციური ძალა. ეს ოპოზიციური მაგიდა არის გაერთიანებული უმნიშვნელოვანესი ექვსი პუნქტის ირგვლივ და ეს ერთობა არც ერთ შემთხვევაში არ დაკნინდება, არ დაზიანდება და არ დაიყოფა, ვიდრე არ მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნებს. „ლელო“ არის და იქნება ამ ექვსი პუნქტის ერთგული და მხარდამჭერი.

რაც შეეხება ინიციატივას, ეს არის ძალიან კარგი სამოქალაქო ინიციატივა, რომელსაც უბრალოდ სამი პოლიტიკური მხარე, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და ელენე ხოშტარია ვუერთდებით. ეს არის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს, რომ საქართველოს საზოგადოებას შევთავაზოთ პოზიტიური დღის წესრიგი და ადამიანებს, რომლებიც დაღლილი არიან კრიზისით, ვუთხრათ, რომ დრო არის, ძალაუფლება გადაეცეს ხალხს. ყველას, განურჩევლად პარტიული და პოლიტიკური აფილირებისა, ვიწვევთ შემოუერთდეს მანიფესტს. ამ ინიციატივის სახელია „კონსტიტუცია 100“, რომელიც პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციურ სიკეთეებს იხსენებს და უნდა, ის მემკვიდრეობა აღადგინოს თანამედროვე ქართულ სამწუხაროდ, მომაკვდავ დემოკრატიაში“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.