თეთრიწყაროს მერიის საჯარო მოხელეებმა 44-ზე მეტ შემთხვევაში, 1.4 ტონაზე მეტი საწვავი ჩაასხეს

სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რიცხვი მნიშვნელოვნად აღემატებოდა მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას ,- ამის შესახებ აღნიშნულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის ანგარიშის თანახმად, მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ ხარჯვაზე, რამაც საწვავის არაუფლებამოსილი პირების მიერ, არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენება გამოიწვია.

„სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტი 2018-2019 წლებში სარგებლობდა ბალანსზე აღრიცხული 12 და თანამშრომლების საკუთრებაში არსებული 45-56 ავტომანქანით. სულ საანგარიშო პერიოდში აღნიშნულ ავტომანქანებზე დაიხარჯა 171.5 ტონა საწვავი, საერთო ღირებულებით − 370.2 ათასი ლარი, მათ შორის, თანამშრომლების პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გახარჯულია 111.1 ათასი ლიტრი საწვავი. ამდენად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას“-ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, აუდიტი აღნიშნავს, რომ ავტომანქანების გაზრდილი რაოდენობისა და თანამდებობის პირების მიერ კერძო ავტომობილებზე დახარჯული საწვავის შესახებ, დაფიქსირებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ წინა აუდიტის ანგარიშშიც.

მათივე ცნობით, ამ გარემოების მიუხედვაად, მუნიციპალიტეტს გარემოება არ გამოუსწორებია.
აუდიტის თანახმად, საჯარო მოსამსახურებმა საწვავი არამიზნობრივად გახარჯეს ისეთი მიმართულებით გადაადგილებისას,რომელიც არ უკავშირდებოდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას.

„44-ზე მეტ შემთხვევაში, საჯარო მოსამსახურეებმა 1.4 ტონაზე მეტი საწვავი ჩაასხეს ისეთი მიმართულებით გადაადგილებისას, რომლებიც, სავარაუდოდ, არ უკავშირდება სამსახურში გამოცხადებას ან სხვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას (მივლინებას). გარდა ამისა, 80-მდე შემთხვევაში 2.1 ტონაზე მეტი საწვავი გახარჯულია თანამშრომლის შვებულებაში ყოფნის დროს. არსებობს რისკი, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საჯარო მოხელეებმა მიღებული საწვავი სრულად არ გამოიყენეს სამსახურებრივი დანიშნულებით ან/და საწვავი გამოიყენეს არაავტორიზებულ ავტომანქანაში.“-ამბობს აუდიტი.